უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. ფოტოების მიხედვით, მჭიდებზე დატანილია სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დღეს, 15 მარტს, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი, 20 კი დაჭრილია.
გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა სავარაუდოდ თავდამსხმელის იარაღის მჭიდების ფოტოები, რომელზეც თეთრად სხვადასხვა სახელებია დატანილი, მათ შორის ქართულ ენაზე წერია „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებლი“.